English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ნინო ჩუბინიძე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემის სრულყოფის მეთოდები რეფორმირების პირობებში

რეზიუმე

სტატიაში განიხილულია  უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება, რომელიც, ჩვენი აზრით, გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემის ყველა ელემენტზე და ასეთ პირობებში წარმოიქმნება სისტემისა და მისი სუბიექტების მიერ გამოყენებული მეთოდების სრულყოფის აუცილებლობა; მოცემულია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მთავარი დომინანტები, განხილულია  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის მიდგომები, გამოვლენილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ძირითადი მეთოდები უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირების პირობებში. ჩვენ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის სრულყოფისათვის აუცილებელია მისი გადაწყობა ფუნქციონირების შეცვლილ  პირობებზე, რომელებიც მას გახდის უფრო ღიას და მოქნილს და დააკმაყოფილებს ნებისმიერი დონის განათლების მოთხოვნებს სქემით „განათლება მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

საკვანძო სიტყვები: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  მართვის სისტემა, უმაღლესი განათლების რეფორმირება.

შესავალი

2004 წლიდან დღემდე მიმდინარეობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის თვისებრივი ტრანსფორმაცია, რაც მოითხოვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის მიდგომების განახლებას. უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მთავარი დომინანტები ფორმულირებულია საქართველოს კონცეპტუალურ, სტრატეგიულ და პროგრამულ დოკუმენტებში. ამგვარად, გარემოს კარდინალური ცვლილებების პირობებში, რაც ძირითადად დაკავშირებულია სამართლებრივი ბაზის შემუშავებასთან, განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების მეთოდებთან, საჭიროა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მართვის სისტემების ფორმირებაში გამოყენებული მიდგომების გადახედვა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემის სრულყოფის მეთოდების დაზუსტება მოითხოვს სტრატეგიული პრიორიტეტების არსებითი მხარის ანალიზს სახელმწიფო დონეზე ჩამოყალიბებული უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების მიზნით. 

**** 

საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“,  გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ეროვნული განათლების სისტემის განვითარების ხარისხობრივი ცვლილებისა და  რეფორმირების პროცესი. მოცემული სტრატეგიული დოკუმენტი მოიცავს თეორიულ, მეთოდოლოგიურ და ორგანიზაციულ დებულებებს, შემუშავებულია ქვეყანაში განათლების სისტემის მობილიზაციისათვის და მისი განვითარების მიზნების მისაღწევად. უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხუთი სტრატეგიული მიმართულება, რომელთა მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხისა და პროფესიული მომზადების ამაღლება ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების გათვალისწინებით:

1) უმაღლესი განათლების მიწოდების  პირობების შეცვლა;

2) უმაღლესი განათლების სტრუქტურასა და შინაარსში ცვლილებების შეტანა;

3) ცვლილებები საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებასა და საგანმანათლებლო გარემოს შინაარსში;

4) უმაღლესი განათლების ხარისხის კონტროლის შიდა და გარე მექანიზმების სრულყოფის მიმართულებების განსაზღვრა;

5) მეცნიერების როლის შეცვლა უმაღლეს განათლებაში მისი ინტეგრაციის გზით.

საქართველოში განათლების განვითარების სტრატეგია 2012-2020 წლებისთვის (შემდგომში სტრატეგია) შემუშავებულია ქვეყანაში განათლების სისტემის კონცეპტუალური ამოცანების განვითრების დასადგენად და 2020 წლისთვის განათლების სფეროს შესახებ ხედვის ფორმირებისთვის. უმაღლესი განათლების განვითარების პრიორიტეტულ სფეროებს შორის გამოყოფილია:

- ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ეფექტურობის ამაღლება უმაღლესი პროფესიული განათლების სისტემაში;

- სტრუქტურის სრულყოფა და უმაღლესი პროფესიული განათლების დონის ოპტიმიზაცია;

- უმაღლესი სისტემის მიერ მომზადებული სპეციალისტების კვალიფიკაციის შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, მათ შორის ქვეყანაში ჩამოყალიბებული რეგიონული განსხვავებების გათვალისწინებით;

- კვალიფიკაციის ამაღლების  სისტემის ორგანიზების სრულყოფა, მათ შორის თითოეული პედაგოგის  მუშაობის შესაფასებლად არსებული მექანიზმების გამოყენება;

- უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების სრულყოფა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითდაფინანსებაზე გადასვლასთან;

- საუნივერსიტეტო მეცნიერების მხარდაჭერა.

საქართველოში განათლების განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად  შემუშავებულია საჭირო სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია  სტრატეგიის განხორციელების პირველი ეტაპის გეგმა (შემდგომ გეგმა) და დასახული მიზნების მისაღწევად განსაზღვრულია საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი ელემენტების სპეციფიკური ღონისძიებები.

გეგმის ფარგლებში დასახულია კონკრეტული დავალებები უმაღლესი განათლების მართვის სისტემის სრულყოფის ძირითადი კონცეპტუალური და სტრატეგიული მიმართულებებით:

- უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტთა მომზადების მეთოდებისა და სტრუქტურის შეცვლა ქვეყნის პრიორიტეტების, შრომის ბაზრის საჭიროებებისა და რეგიონული განსხვავებების გათვალისწინებით;

- უმაღლესი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;

- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მექანიზმების სრულყოფის პირობების შექმნა და სხვა.

უმაღლესი განათლების დაწესებულებების (უსდ) მართვის თეორიაში არსებობს სხვადასხვა მიდგომები უსდ მართვის სისტემების ფორმირებასთან დაკავშირებით. მართვაში გამოირჩევა შემდეგი დონეები:

  1. კონცეპტუალური გადაწყვეტილების მიღება.
  2. სტრატეგიული მართვის ამოცანების ფორმულირება.
  3. ტაქტიკური მართვის ამოცანების ფორმულირება.
  4. ოპერატიული მართვა.

წარმოდგენილი დონეები კვეთაშია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ცალკეულ ინდივიდუალურ ფუნქციურ სფეროებთან. უსდ მართვის სისტემის ელემენტების სტრუქტურირების მიმართ ამგვარი მიდგომა თავისი არსით ორგანიზაციების  მართვისადმი  კლასიკურ მიდგომებს გამოხატავს. თუმცა, მისი გამოყენება ყოველთვის არ შეიძლება. მაგალითად, როდესაც საუბარია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა მართვა მჭიდრო კავშირშია სამთავრობო დაწესებულებების დონეზე გადაწყვეტილებების მიღებასთან ანდა როდესაც საკითხი ეხება დამოუკიდებელ უსდ-ს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ ერთგვარად „გადანაწილებული“ სტრატეგიის ჩამოყალიბება და მათი ფორმულირება მართვის მკაცრი იერარქიული დონეების შესაბამისად. გარდა ამისა, ისინი უნდა იყოს კონტროლირებადი, რისთვისაც უნდა გამოიყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  შრომითი რესურსები, როდესაც ამგვარი სახის დაწესებულებებში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსება ან კონტროლი [Eicher, J.C. 1998 ].

ზემოჩამოთვლილი მოსაზრებები, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი ან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს სტრატეგიული ამოცანების ფარგლებში. მაგრამ, თავად სახელმწიფო დაფინანსების შინაარსი  გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის მეთოდების არჩევაში შეზღუდვების არსებობას.

სხვა მკვლევარები მიუთითებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემაში არსებულ ორ კომპლექსურ სამიზნე ქვესისტემაზე:

  1. ქვესისტემა „პოტენციური განვითარების მართვა“ - მის ამოცანას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ტექნიკური ბაზის განვითარება, შრომითი კოლექტივის სოციალური განვითარება და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის სრულყოფა.
  2. ქვესისტემა „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირების მართვა“, მოიცავს საგანმანათლებლო პროდუქტის, საგანმანათლებლო მომსახურების შექმნისა და გაყიდვის პროცესებს, აგრეთვე რესურსების ეფექტურ გამოყენებას [Sanyal, Bikas C. 2015].

უალტერნატივო არც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის მსგავსი სტრუქტურაა, რადგანაც მასთან მიმართებაშიც ჩნდება კითხვები. მაგალითად: რა ურთიერთკავშირშია ჩვენ მიერ გამოცალკევებული  ორი ქვესისტემა? რომელ წერტილში იკვეთება მათი ფუნქციები? შეიძლება თუ არა მოხდეს ქვესისტემებს შორის ფუნქციების დუბლირება?

ჩვენს მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი სასწავლებლების მართვის სისტემის ელემენტების შინაარსის ფორმულირება, ამდენად,  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის ორგანიზაციულ სტრუქტურაში შეგვყავს შემდეგი ქვესისტემები:

- „სწავლების დაგეგმვა“;

- „მარკეტინგი“;

- „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის დაფინანსება“;

- „სწავლების ორგანიზება“;

- „სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა“;

- „კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება“;

- „მასწავლებელთა მუშაობის ორგანიზება“;

- „პერსონალის  მოზიდვა“;

- „პერსონალის განვითარება“;

- „შრომის ანაზღაურება“;

- „უზრუნველყოფა“.

აქ გაუგებრობა შეიძლება გაჩნდეს იმის გარშემო, თუ რატომ მივიჩნევთ ქვესისტემებს  –  „პერსონალის მოზიდვა“, „პერსონალის განვითარება“ და „შრომის ანაზღაურება“ – დამოუკიდებელ ქვესისტემებად.  არსებითად, აღნიშნული ქვესისტემების ფუნქციონირება ხორციელდება პერსონალის მართვის მენეჯერული ფუნქციის ფარგლებში. ამასთან, ამ ფუნქციაში შეიძლება შევიდეს ჩვენ მიერ გამოცალკევებული სხვა მრავალი ქვესისტემაც [Washington, D.C. 1994].

მიგვაჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა უნდა ჩაითვალოს სოციალურ-ეკონომიკური მართვის სისტემად, რომელიც გარე კომპონენტების ურთიერთკავშირს ასახავს, რომლებიც გავლენას ახდენს უსდ მართვის მთელ სისტემაზე და მის საბოლოო შედეგებზე. აღნიშნული მიღწევადია იმ პირობით, რომ  ეფექტურად იქნება გამოყენებული პრინციპები და მექანიზმები, რომლებიც აყალიბებს ურთიერთკავშირების სისტემას მმართველ სუბიექტსა და მართულ ობიექტებს შორის. ამგვარი მიდგომა უფრო სრულყოფილია და უფრო სრულფასოვნად ასახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  მართვის სისტემის ელემენტების უმეტესობას [4].

ამგვარად, საქართველოში სახელმწიფო დონეზე ჩამოყალიბებული უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის ყველა ძირითად ასპექტზე:

  1. პერსონალის მართვის საკითხები, მათ შორის ადმინისტრაციისა და პროფესორ-მასწავლებლების ჩათვლით;
  2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებსა და მიზნობრივ აუდიტორიასთან მართვისა  და ურთიერთობების დამყარების საკითხები;
  3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისა და ეკონომიკური მართვის საკითხები;
  4. სამეცნიერო საქმიანობის მართვის საკითხები;
  5. საგარეო ურთიერთობების მართვის საკითხები;
  6. სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტების არჩევის საკითხები;
  7. საგანმანათლებლო პროდუქტების მართვის საკითხები (საგანმანათლებლო მომსახურება);
  8. გაწეული საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის მართვის საკითხები და მისი მუდმივი მონიტორინგი;
  9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის ტიპის არჩევის საკითხები;
  10. ადმინისტრაციულ-სამეურნეო  საქმიანობის მართვა;
  11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მარკეტინგის მართვის საკითხები.

უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისათვის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართველოში საჭიროა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  მართვის ახალი მეთოდების გამოყენება მათი მართვის სისტემის ყველა იდენტიფიცირებული ელემენტის მიხედვით. ცხრილში ასახულია  ავტორის შეხედულება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ყველაზე ადეკვატური მეთოდების შინაარსის შესახებ [6].

ცხრილი1

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემის სრულყოფის მეთოდები  მისი მართვის ძირითადი ელემენტების  შესაბამისად

უსდ მართვის სისტემის ელემენტი

მართვის მიზანშეწონილი მეთოდები რეფორმის პირობებში

პერსონალის მართვა

  1. პერსონალის მოტივაციის მეთოდების შეცვლა, კომპენსაციის მიბმა მეცნიერებაში, განათლებაში, ადმინისტრირებაში მიღებულ შედეგებთან;
  2. პერსონალთან დადებული კონტრაქტების შინაარსის შეცვლა;
  3. პერსონალისა და პროფესორ-მასწავლებლების შერჩევის წესების შეცვლა უნივერსიტეტის მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის ინტერესებზე ორიენტირებით.

მართვა, აბიტურიენტებთან  და სხვა დაინტერესებულ პირებთან  ურთიერთობათა დამყარება

  1. ურთიერთობათა მარკეტინგის პრინციპების რეალიზაცია,
  2. დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობათა მართვის  სისტემის დანერგვა,
  3. თანამშრომელთა კომუნიკაციების ინდივიდუალიზება დაინტერესებულ პირთა გათვალისწინებით.

უსდ ფინანსებისა და ეკონომიკის მართვა

  1. თვითდაფინანსების მექანიზმზე გადასვლა,
  2. უსდ ეფექტიანობის გაზრდა დამატებითი სასწავლო პროგრამების გახსნის გზით,
  3. არამიზნობრივი ხარჯების შემცირება,
  4. უსდ მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაცია.

უსდ სამეცნიერო საქმიანობის მართვა

  1. სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტებით,
  2. სამეცნიერო საქმიანობის რაოდენობრივი მაჩვენებლების (პუბლიკაციების, პატენტების და სხვ. რიცხვი) სისტემის შემუშავება და დანერგვა,
  3. სამეცნიერო საქმიანობის ორგანიზების ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება,
  4. სამეცნიერო საქმიანობის საგრანტო და სტიმულირების სხვა სახეების გამოყენება.

საგარეო კავშირების მართვა

  1. სტუდენტების წამყვან ევროპულ უსდ-თან გაცვლითი პროგრამები,
  2. პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათი საზღვარგარეთულ უსდ-ში მივლინების სისტემის ორგანიზება.

სტრატეგიული მართვის ინსტრუმენტების არჩევა

  1. დაბალანსებულ მაჩვენებელთა სისტემის შემოღება,
  2. კონტროლინგის ინსტრუმენტების შემოღება,
  3. უსდ ძირითადი პროცესების აღწერა,
  4. ხარისხის მენეჯმენტის დანერგვა.

საგანმანათლებლო პროდუქტების მათვა

  1. საგანმანათლებლო პროდუქტების ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა,
  2. კომერციულ ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება საგანმანათლებლო პროგრამებში და პროცესში ბიზნეს ამოცანების გადაჭრისათვის სპეციალური მოდულების ჩაშენების თაობაზე.

განათლების და მისი კონტროლის ხარისხის მუდმივი მართვა

  1. განათლების ხარისხის მაჩვენებელთა სისტემის შემუშავება და მისი კონტროლი,
  2. განათლების ხარისხის გარე კონტროლი.

უსდ მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის არჩევა

  1. ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა, რომელიც უსდ მართვის პროგრამულ-მიზნობრივი მიდგომის რეალიზების საშუალებას (მატრიცული ორგანიზაციული სტრუქტურა) იძლევა,
  2. საპროექტო ტიპის ორგანიზაციული სტრუქტურის არჩევა,
  3. ადაპტიური საორგანიზაციო სტრუქტურის არჩევა.

სამეურნეო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა

  1. უსდ უზრუნველყოფა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მატერიალური რესურსებით,
  2. უსდ მატერიალური რესურსების გამოყენების რაციონალიზაცია.

მარკეტინგის მართვა

  1. სარეკლამო და PR -ტექნოლოგიების გამოყენება, მ. შ. ვირტუალურ ქსელში,
  2. მარკეტინგული კვლევების ჩატარება,
  3. უსდ კონკურენტუნარიანობის შეფასება,
  4. უსდ საქმიანობაზე გარე და შიდა ზეგავლენების შესწავლა.

 დასკვნა

საქართველოში განათლების განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად შემუშავებულია საჭირო სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია  სტრატეგიის განხორციელების პირველი ეტაპის გეგმა (შემდგომში გეგმა) და დასახული მიზნების მისაღწევად განსაზღვრულია საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი ელემენტების სპეციფიკური ღონისძიებები.

მიგვაჩნია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვა უნდა ჩაითვალოს სოციალურ-ეკონომიკური მართვის სისტემად, რომელიც გარე კომპონენტების ურთიერთკავშირს ასახავს, რომლებიც გავლენას ახდენს უსდ მართვის მთელ სისტემაზე და მის საბოლოო შედეგებზე. აღნიშნული მიღწევადია იმ პირობით, რომ  ეფექტურად იქნება გამოყენებული პრინციპები და მექანიზმები, რომლებიც ურთიერთკავშირების სისტემას აყალიბებს მმართველ სუბიექტსა და მართულ ობიექტებს შორის. ამგვარი მიდგომა უფრო სრულყოფილია და უფრო სრულფასოვნად ასახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  მართვის სისტემის ელემენტების უმეტესობას.

ამგვარად, საქართველოში სახელმწიფო დონეზე ჩამოყალიბებული უმაღლესი განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტები გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის სისტემის ყველა ძირითად ასპექტზე.

უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისათვის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საქართელოში საჭიროა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  მართვის ახალი მეთოდების გამოყენება მათი მართვის სისტემის ყველა იდენტიფიცირებული ელემენტის მიხედვით.

თითოეული კონკრეტული მეთოდის არჩევა განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების განსაკუთრებული მახასიათებლებით: პროფილი, სტუდენტების რაოდენობა, გადაწყვეტილების მიღების დამოუკიდებლობის ხარისხი, ბიუჯეტსა და სხვა შემოსავლებს შორის თანაფარდობა, სტრატეგიული მართვის ჩამოყალიბებული პრაქტიკა და სამთავრობო პროგრამებში მონაწილეობა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Eicher, J.C. The Costs and Financing of Higher Education in Europe // European Journal of Education. Abingdon. - 1998. - Vol. 33. - № 1. - P. 31-39.
  2. Higher Education: The Lessons of Experience. Washington, D.C.: The World Bank, 1994.
  3. Higher Education in the United Kingdom: A Handbook for Students and Their Advisers: Pub. .for the Association of Commonwealth Univ.-Harlow: Longman, 1988. . 19891990. 22d rev. ed.
  4. Higher Education Crisis // Nature.- L. 1989. - Vol. 338. -N 62215. - P. 445-446.
  5. Sanyal, Bikas C. Innovations in University Management. Paris: UNESCO Publ., 2015.
  6. The World of Learning 2005. 46th edition. Europa Publications Limited. 2006.